საწარმოს გახსნა

რამდენიმე დღის წინ, თბილისში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ასეთი საწვავის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, რაც ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

რუსუდან რამაზაშვილი („ფრეგოს“ გენერალური დირექტორი): „ბიოდიზელი ჯორჯია“, ნავთობკომპანია „ფრეგოსთან“ ერთად, პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ბიოდიზელის წარმოებას და მის რეალიზაციას იწყებს. ბიოდიზელის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში და შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ბიოდიზელის დამზადებისთვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მეორადი გამოყენების საკვები ზეთი. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია McDonald’s.

ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს ?

საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ავსტრიის ქ. გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოდიზელის სინთეზის ტექნოლოგიების ექსპერტი Martin Mittelbach. ეს ის ქალაქია, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად ბიოდიზელზემოძრაობს და შესანიშნავი შედეგებია ეკოლოგიის მიმართულებით.

ბიოდიზელის ფასი ჩვეულებრივი დიზელისგან განსხვავებულია? 

ბიოდიზელი ექსკლუზიურად „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე იქნება წარმოდგენილი B10 სახელწოდებით, ფასი კი, დღეის მდგომარეობით, 2,42 ლარია.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ფრეგომ“ ბიოდიზელის საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო . . . 

ე.წ.  თიზერ კამპანიას, რომელიც ფრეგომ B10 სახელით აწარმოა, მომხმარებლის მხრიდან, დიდი დაინტერესება მოჰყვა. იყო სხვადასხვა ვერსია, ძალიან სახალისო შეტყობინებებს ვიღებდით – ზოგს ზეთი ეგონა, ზოგსაც ახალი სახეობის ჩიფსი. საბოლოდ კი ეკომეგობრული საწვავი აღმოჩნდა.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ბიოდიზელი?

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ამის შედეგად, ყოველწლიურად, მატულობს რესპირატორული დაავადებები. კვლევების მიხედვით, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის უდიდესი წილი ტრანსპორტზე მოდის. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება არის ალტერნატიული, განახლებადი, ეკო – მეგობრული, კარბონ – ნეიტრალური საწვავი ბიოდიზელი. ვფიქრობ, ვინც ზრუნავს საკუთარ, ოჯახის წევრების, მეგობრის, მეზობლის, ახლობლის ჯანმრთელობაზე, ეკომეგობრული პროდუქტის მომხმარებელი გახდება.