წარმატებული ავსტრიულ-ქართული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმო გაიხსნა. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა მარტინ მითელბახმა, „ბიოდიზელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მურმან პატარაიამ, „ფრეგოს“ გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა და ილიას უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიების წამყვანმა მკვლევარმა კახა ქარჩხაძემ ამ მასშტაბური გეგმის განხორციელება საერთო ძალებით შეძლეს და საქართველოს ნათელი მომავლის განვითარებაში წვლილი მათაც შეიტანეს.
6 ივლისიდან საქართველოში ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც დიზელისძრავიანი მანქანა ჰყავს, შეუძლია „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურში B10 მარკის ბიოდიზელი ჩაასხას, გამოიყენოს ქართული პროდუქტი, არ დააბინძუროს ჰაერი და გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს.

მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და როგორ განახორციელეთ ის საქართველოში?

(მარტინი): ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ხნის წინ დავიწყეთ ბიოდიზელის ქიმიური მიღების პროცესზე მუშაობა. პირველი ცდები 1980-იან წლებში ჩავატარეთ. გვსურდა მიღებული პროდუქტი პრაქტიკულადაც გამოგვეცადა, რათა მხოლოდ ლაბორატორიაში არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მაშინ ძირითად მიზანს ბიოდიზელის საწვავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში გამოყენება წარმოადგენდა. მოგვიანებით, იდეა განვითარდა და ტრანსპორტის ყველა სეგმენტი მოიცვა. საქართველო ბიოდიზელის წარმოების სფეროში მთელ რეგიონში პიონერია და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ.
(კახა): ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სანამ მსოფლიოში მილიონობით ტონა ბიოდიზელს აწარმოებდნენ, საქართველოში „ტკბილი ძილით გვეძინა“ და ნავთობის ფასის ზრდაზე ვწუწუნებდით. საბოლოოდ კი, ნავთობის დიდი მონსტრის „ბრჭყალებში ჩავვარდით“ და უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მთლიანად იმპორტირებულ ნავთობზე ვართ დამოკიდებული. საწვავის ნაკლები მოხმარება ან ავტომობილით მგზავრობის შეზღუდვა იმდენად არარეალურია, რომ არ ხორციელდება. ამ ყველაფერს ემატება მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ძირითადად ტრანსპორტის მიერაა გამოწვეული. დღეს თბილისში კანცეროგენული დაავადებების საშიშროება მაღალია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველებს საკუთარი წარმოების ალტერნატიული და თან ეკომეგობრული საწვავი შეგვექმნა. ყველა ამ პრობლემის პასუხი და გადაჭრის ეფექტური საშუალება კი სწორედ ბიოდიზელის წარმოებაა.

ბიოდიზელი მსოფლიოში ახალი არაა და ჩვენი რიგიც დადგა. აშშ-ში ყოველწლიურად 12 მილიონი ტონა ბიოდიზელი იწარმოება, ევროპაში კი 10. ეს ქვეყნები აწარმოებენ ალტერნატიულ, განახლებად საწვავს და იყენებენ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა – ურბანულ გარემოში. სწორედ აშშ-ის უნივერსიტეტებში მუშაობის დროს დამებადა საქართველოში ბიოდიზელის განვითარების იდეა. დავნერგეთ ტექნოლოგია, შევქმენით ბიოდიზელის პირველი ნიმუშები და შედეგად საქართველოს ისტორიაში პირველად ავტომობილებმა არა ნავთობპროდუქტზე, არამედ მცენარისგან მიღებულ საწვავზე დაიწყეს მოძრაობა.

ამ წარმატებულ პროექტს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა მოჰყვა. ნავთობკომპანია „ფრეგო“ დაუკავშირდა ილიას უნივერსიტეტს და გადავწყვიტეთ ამ პროექტის კომერციალიზაცია. 1 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით, დავხვეწეთ ტექნოლოგია წარმოების მასშტაბებისთვის, გავაანალიზეთ და შევარჩიეთ ნედლეულის ბაზა, საწარმოო ადგილი, ჩამოვიტანეთ და გავმართეთ ტექნიკა, ავაშენეთ ბიოდიზელის საწარმო და დავიწყეთ წარმოება. ჩვენ უკვე გამოვუშვით ბიოდიზელის პირველი პარტია, რომელიც კომპანია „ფრეგომ“ უკვე მთლიანად შეისყიდა.

(რუსუდანი): B10-ის გაყიდვის იდეა „ფრეგოში“ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. შემდეგ უკვე მივედით იმ აზრამდე, რომშემოტანის ნაცვლად, ბიოსაწვავი თავად ადგილობრივად გვეწარმოებინა. საქართველოში წარმოება უკეთესია იმითაც, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მეორადი ზეთის უტილიზაციაში ეხმარები, რაც მთელ ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქამდე უტილიზაციის წესები არ არსებობდა, მეორადი ზეთი ან კანალიზაციაში ხვდებოდა, ან ნიადაგში, ან ქათმების ფერმაში, რაც რეალურად, გარემოს აბინძურებს. დიდი გასტრონომები, როგორებიც არიან „მაკდონალდსი“ და „ვენდისი“, უტილიზაციას აკეთებენ. ამ ეტაპზე „მაკდონალდსს“ კონტრაქტი დავუდეთ. დარჩება წვრილ-წვრილი რესტორნები, რომლებმაც ერთხელ გამოყენებული ზეთი უნდა ჩაგვაბარონ. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ისევე, როგორც გარემოს დაცვის საკითხებისთვის. ბიოდიზელი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს. პროდუქტი „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე უკვე ხელმისაწვდომია – როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რა მახასიათებლებით გამოირჩევა აღნიშნული პროდუქტი?
(კახა): ბიოდიზელი მაღალი ხარისხის საწვავია. მთელი რიგი მაჩვენებლები: ცეტანური ინდექსი, გაპოხვის კოეფიციენტი და ა.შ. ბიოდიზელს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ნავთობდიზელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავა უფრო გამართულად და დიდხანს იმუშავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიოდიზელს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ეკოლოგიის თვალსაზრისით. მისი გამოყენებისას გოგირდის ორჟანგი არ იფრქვევა და არ წამლავს მოსახლეობას. მაშინ, როდესაც დიზელის საწვავი ძალიან აბინძურებს ჰაერს. ასე რომ, ბიოდიზელი ყველაზე ეკო-მეგობრული საწვავია.
(რუსუდანი): B10 მარკის საწვავი ევროპული სტანდარტის დიზელისა და ბიოდიზელის მინარევია. მასში ბიოდიზელის შემცველობა 10%-მდე მერყეობს, ხოლო რამდენია კონკრეტულად ბიოდიზელის შემცველობა, ამას ჩვენი რეგულაციები განმარტავს, რომლის მიხედვით ბიოდიზელის შემცველობა იცვლება. ზამთარში შესაძლოა ცოტა დაიკლოს და ეს ინფორმაციაც მომხმარებლისთვის ღია იქნება. ჩვენს საწვავში გოგირდის შემადგენლობა იმდენად დაბალია, რომ მისი წვის დროს ჰაერში მავნე ნივთიერებები ნაკლებად გამოიყოფა და ეს გარემოზე ზრუნვის წინაპირობაა. ევროპული გამოცდილებიდან და ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მანქანებისთვის ყველაზე მორგებადი 10% შემცველობის საწვავია. თუ მას ევროპული სტანდარტის საუკეთესო 10ბპმ-ს შევადარებთ, B10-ს ცოტა მეტი ზეთოვნება, ნაკლები გოგირდი და სხვა მავნე მინარევები გამოარჩევს. საქართველოში მაღალი შემცველობის გოგირდიანი დიზელები იყიდება, რომელთან მიმართებაშიც ბიოდიზელის შემცველობა გარემოსთვის ბევრად უსაფრთხოა. მისი ღირებულება ამ ეტაპზე 2.42 ლარია და თუ მას სხვა ბრენდების მაღალი დონის დიზელებს შევადარებთ, ფასი საკმაოდ მისაღებია.

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. როგორ ფიქრობთ, ჩანაცვლდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის არსებული საწვავი ბიოდიზელით ისე, როგორც ეს ავსტრიაშია?
(კახა): ამ შემთხვევაში, თბილისი მაგალითს მისცემდა ყველას, თუ როგორ შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯებით და მოკლე დროში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავსტრიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ბიოდიზელზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც საწარმო გავხსენით, ბიოსაწვავი თბილისშიც ხელმისაწვდომი გახდა. სრულიად შესაძლებელია ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები თანდათან ბიოდიზელზე გადაერთონ და იქნებ წლის ბოლოს მაინც მნიშვნელოვნად შემცირდეს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ თბილისის ჰაერის დაბინძურების დონე. თუ ეკოლოგიური პრობლემებისადმი სწორი დამოკიდებულება და პოლიტიკური ნებაც იქნება, თბილისს შეუძლია გახდეს არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი დედაქალაქი, რომლის მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად ეკომეგობრულ საწვავზე იმუშავებს.
(რუსუდანი): სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავაკმაყოფილებთ მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემას.

რა მოლოდინი გაქვთ საქართველოში? ვიხილავთ მას სხვა კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე?
(მარტინი): ავსტრიული გამოცდილების საფუძველზე, შეგიძლიათ უფრო სწრაფად იმოქმედოთ. ჩვენ ამ საწვავს მძიმე სატრანსპორტო საშუალებებშიც გამოვიყენებთ. ბიოდიზელის წარმოებაში კონტროლია მთავარი და ეს ასპექტი უმაღლეს დონეზე გვაქვს. თავიდან რამდენიმე ათეულ ტონას ვაწარმოებდით, თუმცა ახლა ინდუსტრიული წარმოება უფრო მაღალ რაოდენობას მოითხოვს და შესაბამისად, რაოდენობის გაზრდასთან ერთად ხარისხის კონტროლის მექანიზმების განვითარებას და ახალი ტექნიკის დანერგვას ვგეგმავთ.
(მურმანი): მნიშვნელოვანი მოწოდება მექნება საზოგადოებასთან – უპირველესად, რესტორატორებმა მოხმარებული საკვები ზეთის სწორი უტილიზაცია უნდა მოახდინონ. კატეგორიულად დაუშვებელია მისი ხელმეორედ გამოყენება და საკვებ ჯაჭვში ხელმეორედ მოხვედრა, რადგანაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ სწორი უტილიზაცია მისი ბიოდიზელის საწვავად გამოყენება იქნება. შედეგად, მეორადად მოხმარებული საკვები ზეთი არ ჩაიღვრება საკანალიზაციო ჭებში, არც დაიღვრება. მისი ბიოდიზელის წარმოებაში გამოყენება, გარემოს დაბინძურების კუთხით, ნარჩენებისგან სერიოზული გამოთავისუფლებაც იქნება.
(რუსუდანი): B10-ის გაყიდვის იდეა ის გახლდათ, რომ ჰაერში გამონაბოლქვი შეგვემცირებინა. დღესდღეობით დედაქალაქის ჰავა იმდენად დაბინძურებულია, რომ ცხოვრება შეუძლებელიც კი ხდება. ეს თემა ყველასთვის პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ბიოდიზელს თუ მანქანების უმრავლესობა მოიხმარს, სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამიტომ, როგორც კი „ბიოდიზელ ჯორჯიას“ წარმადობა გაიზრდება, ისე რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და სხვებზეც იზრუნოს, პროდუქტს ნებისმიერ კომპანიას მივყიდით.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.
(კახა): მუშაობას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ: ბიოსაწვავის ნედლეულის უფრო ინტენსიური მოპოვება, ტექნოლოგიის განვითარება, წარმოების გაზრდა. ჯერჯერობით თვეში მხოლოდ 12 ტონას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენი პროდუქცია ამჯერად B10 მარკის ბიოდიზელია. ვფიქრობთ, ცოტა ხანში მას B20 მარკის ბიოდიზელს შევმატებთ. უკვე გამოჩნდნენ კერძო პირები, კორპორაციული კლიენტები და დაწესებულებები, რომლებიც სერიოზულ ინტერესს გამოთქვამენ, რომ ჩვენ მიერ გამოშვებული ბიოსაწვავით ისარგებლონ. ისინი ხვდებიან, რომ დროა საქართველოც გადაერთოს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებზე, რომელიც უკვე კარგა ხანია წარმატებით მუშაობს დასავლეთში. მას შემდეგ, რაც „ბიოდიზელი ჯორჯიამ“ დაიწყო ამ საქმის განხორციელება და კომპანია „ფრეგომ“ თავის ქსელებში შეიტანა, უკვე საქართველოსაც აქვს ბედნიერება, ალტერნატიული, სუფთა საწვავით ისარგებლოს.

(მურმანი): ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ პარალელურად უფრო მასშტაბურ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ უფრო დიდი მასშტაბის საწარმოს ავაშენებთ, სადაც 10 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციის მობილიზებას განვახორციელებთ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანამდე გაიზრდება. ამ ეტაპზე საქართველოში ბიოდიზელი მხოლოდ „ფრეგოს“ ქსელშია ხელმისაწვდომი, დიდი წარმოების შემთხვევაში კი, პროდუქტს სხვა ქსელებსაც შევთავაზებთ.